სოფელი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საბურთალოს რაიონში. მდებარეობს დიდგორის მთის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 920 მ., მცხეთიდან 25 კმ, სოფელ დიღმიდან 7 კმ.
istoria
სოფელი დასახლებული იყო IV საუკუნიდან მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. ვახუშტი ბატონიშვილს თელოვანი მოხსენიებული აქვს დიღმისხევის სოფელთა სიაში. თელოვანში ყმა-მამულებს ფლობდნენ სვეტიცხოვლის ტაძარი, ციციშვილები, მაღალაშვილები. სოფლის ჩრდილოეთით, 1 კმ-ზე ტყეში არის შუა საუკუნეების ქვაჯვარი, რომელიც ერთმანეთისაგან მიჯნავდა ბაგრატიონების, სვეტიცხოვლის ტაძრისა და მაღალაშვილების მამულებს.
1910 წელს სოფელში აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII-XII სს.) განძი, რომლის შემადგენლობაში იყო 4 სეგმენტური იარაღი, თოხი და გაურკვეველი დანიშნულების ნივთის ნატეხი, აგრეთვე კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ბრინჯაოს ყალიბი.
საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მემინდვრეობა. 2007 წლამდე შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში სოფელ დიღმის თემში. 2007 წლიდან შეუერთდა თბილისს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 59 კაცი.
demografia
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
1989 |
67 |
2002 |
89 |
2014 |
59 |
Zeglebi
წმ. ნინოს ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9,83 X 5,85 მ), ნაგებია აგურითა და ქვიშაქვით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. ერთი ასეთივე ნიში ჩრდილოეთ კედელშია; დარბაზის სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია; გრძივ კედლებზე პილასტრებია. ეკლესიას აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს.
ჯოიანის წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 500 მეტრზე, ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,65 X 4,5 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და კირის ხსნარით. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სამხრეთის კედელი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. ფასადები მოპირკეთებულია დიდი ზომის რეგულარულად ნაწყობი ქვიშაქვით. კარის არქიტრავის ქვაზე წრეში ჩასმული ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიას წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს. სამხრეთიდან ეგვტერი ყოფილა მიშენებული. ეკლესია დგას ფეოდალური ხანის ნასოფლარის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ტყით არის დაფარული. შემორჩენილია ქვითკირის შენობათა ნანგრევები.
|